Saturday, April 16, 2011

ბორჯომი

       რაიონის ცენტრი და კურორტი–ქალაქი ბორჯომი (810–850 მეტრი ზღვის დონიდან) მდებარეობს მდ.მტკვრისა და მისი შენაკადების – ბორჯომულასა და გუჯარეთის წყლის ლამაზ ხეობაში,ვაჰანისა და თრიალეთის ქედების განშტოებათა ფერდობებზე,რომლებიც დაფარულია მარადმწვანე წიწვიანი მცენარეებით.
ბორჯომი,როგორც სამკურნალო ადგილი,ცნობილია შორეული წარსულიდან. საქართველოს ტოპოგაფიულ აღწერაში, რომელიც გადმოცემულია საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ,1832წ.,აღნიშნულია,რომ პირველად ბორჯომის წყაროებს შემთხვევით მიაგნეს ქართველი გრენადერული ლეგიონის ჯარისკაცებმა,რომლებიც დაბანაკებულნი იყვნენ გორში.რამდენიმე ხნის შემდეგ ლეგიონის თავმა,რომელსაც ბევრი სმენოდა მინერალური წყლის სამკურნალო თვისებების შესახებ,გამოსცადა ამ წყლის მოქმედება თავის თავზე.ამის შემდეგ უფროსების ნებართვით იგი აგზავნიდა ამ ადგილზე სამკურნალოდ თავის ჯარისკაცებს.
       მაგრამ არებობს ისტორიული ცნობები იმის შესახებ,რომ ბორჯომის მინერალური წყალი ცნობილი იყო ადგილობრივი მოსახლეობისათვის აღნიშნულ შემთხვევაზე ბევრად უფრო ადრე.
       1892წელს საკაპტაჟო სამუშაოების ჩატარების დროს №1 წყაროს (ყოფილი ეკატერინეს წყაროს) გრიფონებთან აღმოჩენილ იქნა ტლანქად თლილი ქვის 7აბაზანა. ამ აბაზანების დადგმის ზუსტი თარიღი დადგენილი არ არის,მაგრამ რომ ისინი გამოყენებულ იყო XIXსაუკუნეზე ბევრად უფრო ადრე,ეს ეჭვგარეშეა.
       არსებობს მასალები,იმის შესახებაც,რომ აქ ოდესღაც პრიმიტიული კურორტიც ყოფილა და ახლო–მახლო სოფლებიდან მცხოვრებლები მოდიოდნენ ვიწრო ბილიკების საშუალებით,რათა ებანავათ სპეციალურად ამოთხრილ ორმოებში.
       კურორტ ბორჯომის ძირითად სამკურნალოფაქტორს წარმოადგენს თბილი,ზომიერად ტენიანი ჰავა,მკვეთრ რყევათა გარეშე.
კურორტზე კომპლექსური მკურნალობისათვის ხელშემწყობ დამატებითფაქტორებს მიეკუთვნება აერსოლარიუმები,ტერენკური და საკმაოდ კარგად მოწყობილი ბალნეო–ფიზიოთერაპიული,ფოტო–ელექტრო–ჰიდრო და ბალნეოთერაპიის საშუალებები (ბორჯომის მინერალური წყლის აბაზანები,ხელოვნური ნახშირმჟავა,წიწვიანი აბაზანები და სხვ.) და აგრეთვე სამკურნალო ფიზკულტურის კაბინეტები სანატორიუმებში. ბორჯომში კომპლექსურ მკურნალობას ავსებს საკმაოდ ორგანიზებული დიეტური კვების ფართო გამოყენება.
 
ბორჯომის წყლის სამკურნალო თვისებები

        იმ დაავადებათა შორის,რომლებიც ნაჩვენებია ამ კურორტზე სამკურნალოდ,ძირითადი ადგილი უჭირავს საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთა დაავადებებს,განსაკუთრებით კი კუჭისა და ნაწლავების დაავადებებს. ბორჯომის წყალი წარმატებით გამოიყენება ღვიძლისა და სანაღვლე გზაბის,ნივთიერებათა ცვლის,შარდგამომყოფი გზების,ენდოკრინული სისტემის,გულ–სისხლძარღვთა სისტემის და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ.                                                       
       ბორჯომის წყალი დადებით გავლენას ახდენს ქრონიკულ გასტრიტებზე (სხვადასხვა დისპეფსიური მოშლილობებით),ამაღლებს კუჭის წვენის რაოდენობას,თავისუფალი მარილმჟავას და კუჭის წვენის საერთო მჟავობის მომატებით ( ექიმები ს.ვაწაძე და ვოლფკოვიჩი). იგი დადებით თერაპიულ შედეგებს იძლევა საჭმლის მომნელებელ ორგანოთა კატარით და კუჭის წყლულით დაავადებულებზე (ობელინსკი). საჭმელთან ერთად მიღებისას ეს წყალი აძლიერებს კუჭის სეკრეციას; ამავე დროს,გაზირებული ბორჯომის წყლის მოქმედება უფრო ძლიერია,ვიდრე არაგაზირებულის (პროფ. ა.ს. ალადაშვილი). თბილი,დეგაზირებული ბორჯომის წყალი იჩენს თავის ანტიკატარულ (ანთების საწინააღმდეგო) და ანალგეტიკურ (ტკივილების გამაყუჩებელ) მოქმედებას კუჭის ანთებით პროცესში მყოფ ლორწოვან გარსზე.
ზოგადად,ბორჯომისა და ზოგიერთი სხვა წყლით მკურნალობის დასაწყისში მინერალური წყლის გავლენით კუჭის წვენის მჟავობის დაქვეითების მაგიერ ვღებულობთ მის მომატებას; მაგრამ ამ დროს ავადმყოფები აღნიშნავენ საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას _ წონაში მომატებას,გულძმარვის,ბოყინის,პირში არასასიამოვნო გემოს და სხვა დისპეფსიურ მოვლენათა გაქრობას.
       ბორჯომის წყლის ნაღველმდენი და ნაღველგამათხიერებელი,გამომრეცხი და ანტიკატარული თვისებები (განსაკუთრებით თბილი ბორჯომის წყლის) უდევს საფუძვლად ღვიძლის,ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების დაავადებების შემთხვევებში ამ წყლის განსაკუთრებული სამკურნალო ეფექტით გამოყენებას.
დაკვირვებებით დადგენილია,რომ კარგი თერაპიული ეფექტი მიიება არა მარტო მჟავე გასტრიტების მკურნალობის შედეგად,არამედ იმ შემთხვევაშიც,როდესაც გასტრიტს თან სდევს კუჭის დაქვეიებული მჟავობა (დოც. მ.ტყემალაძე).
       ბორჯომში ქრონიკული გასტრიტებით დაავადებულთა მკურნალობის ეფექტურობის შესწავლის მიზნით 1961წელს ჩატარებულ იქნა მუშაობა 550 ავადმყოფზე. მასალის დამუშავების შედეგად დადგინდა,რომ კუჭის წვენის მომატებული მჟავობით ქრონიკული გასტრიტით დაავადებულთაგან გაუმჯობესება დაეტყო 98,9 %–ს, ნორმაციდული გასტრიტით დაავადებულთაგან_97,6 %–ს, სუბაციდური გასტრიტით დაავადებულთაგან_91,5 %–ს, ხოლო ანაციდური გასტრიტით დაავადებულ ავადმყოფთაგან_61,1 %–ს. (ექიმები_ ფ.თავამაიშვილი, მ.ქაჯაია, კ.ჩორგოლიანი, ე.ყიფიანი, რ.რაზმაძე, ლ.გაბუნია, მ.ნიკოლაიშვილი, დ.გიორგობიანი, ნ.შალიბაშვილი, კ.ღამბაროვი )
       ბორჯომის წყალს ასევე უპირატესობა ენიჭება ზოგადი სიმსუქნის მკურნალობის საქმეში. ბორჯომის წყალი ნაკლებად აღიზიანებს კუჭის და ნაწლავების ლორწოვან გარსს და ამიტომ იმსახურებს უფრო მეტ ყურადღებას მსოფლიოში ცნობილ კარლსბადისა და მარიენბადის მინერალურ წყლებთან შედარებით. თუ ზოგადი სიმსუქნით დაავადებულები სათანადო დიეტასთან პარალელურად სისტემატურად მიიღებენ ბორჯომის წყალს,შესაძლოა წონაში  დღეში 1კილოგრამამდეც კი დაიკლონ (პროფ. სკვორცოვი).
       ჩატარებული ექსპერიმენტული და კლინიკური დაკვირვებებით დადგენილია ბორჯომის მინერალური წყლის შარდმდენი,გამატუტიანებელი და აგრეთვე ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი მოქმედება.გაძლიერებული დიურეზი ხელს უწყობს შარდგამომყოფი გზებიდან პათოლოგიური პროცესების შედეგად დაგროვილი ნივთიერებების – ლორწოს,ჩირქის და სხვათა გამორეცხვას. თუ ამას დავუმატებთ ტუტე–მინერალური წყლების ანტიკატარულ,ლორწოსგამხსნელ და ანალგეტიკურ მოქმედებას,აშკარა ხდება ბორჯომის მინერალური წყლის გამოყენების მიზანშეწონილობა პიელიტების,ცისტიტების,ურეთრიტის და აგრეთვე ნივთიერებათა ცვლის მოშლისა და მჟავე დიათეზების შემთხვევებში. ასეთ დაავადებულებს ბორჯომი უნდა დაენიშნოთ უფრო მეტი დოზებით,ვიდრე კუჭ–ნაწლავის დაავადებათა შემთხვევებში.
       მინერალური წყლის გარეგანი გამოყენების ძირითად სახეს წარმოადგენს აბაზანები. აბაზანების გარდა ბორჯომში მინერალური წყალი წარმატებით გამოიყენება კუჭისა და ნაწლავების გამოსარეცხად ნაწლავების სიფონური გამორეცხვის,სუბაქვალური აბაზანების,გინეკოლოგიური შესხურების,ინჰალაციისა და სხვა სახით.
       ბორჯომის მინერალური წყალი,როგორც ცნობილია,საკმაო კონცენტრაციით შეიცავს ნახშირმჟავა გაზს. როცა ეს გაზი კანის საშუალებითშეიწოვება სისხლში,იგი ცენტრალური ნერვული სისტემის წამყვანი მონაწილეობით იწვევს განსაზღვრულ ჰემოდინამიკურ ძვრებს,რაც გამოიხატება,კერძოდ,გულის კუნთის ტონუსის აღდგენაში. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად არის ცნობილი ბორჯომის ნახშირმჟავა–ჰიდრო–კარბონატულ–ნატრიუმიანი წყლის აბაზანების გამოყენება გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა დროს.
       მთელი რიგი დაკვირვებებიდან დამტკიცებულია აგრეთვე ბორჯომის წყლის თბილი აბაზანების დამამშვიდებელი მოქმედება ნერვული სისტემის ფუნქციურ დაავადებათა შემთხვევებში. ბორჯომის ნახშირმჟავა–ჰიდრო–კარბონატულ–ნატრიუმიანი წყლის ინჰალაცია იწვევს ანტიკატარულ მოქმედებას,ათხელებს ლორწოს და ამსუბუქებს მის გამოყოფას ზემო სასუნთქი გზების კატარების დროს.
(სამედიცინო კვლევების შედეგად დადგინდა, რომ "ბორჯომი" სასარგებლოა კბილებისთვის. ეს მინერალური წყალი შეიცავს ფტორიდის და იოდიდის იონებს, რაც ამცირებს კარიესის გაჩენის შესაძლებლობას )

100 გრამი "ბორჯომის" შემცველობა შემდეგნაირია:  
კალიუმი – 3.0 მგ
კალციუმი – 13.0 მგ
სილიციუმი – 1.1 მგ.
მაგნიუმი – 10.0 მგ.
ნატრიუმი – 200.0
გოგირდი – 0.8
ქლორი – 50.0
ალუმინი – 100.0 მკგ
ბორიუმი – 1200.0 მკგ
ტიტანიუმი – 4.0 მკგ
ფტორი – 800.0 მკგ
სტრონციუმი – 480.0 მკგ
 

წინააღმდეგჩვენებები


       ბორჯომში მკურნალობისათვის წინააღმდეგნაჩვენებია (გარდა იმ დაავადებებისა,რომლებიც საერთოდ წინააღმდეგნაჩვენებია კურორტული მკურნალობისათვის) შემდეგი დაავადებები : კუჭის ორგანული დაავადებები,რომლებიც მნიშვნელოვნად აფერხებს კუჭის ევაკუაციურ ფუნქციას და იწვევს კუჭის შიგთავსის შეკავებას,კუჭისა და თორმეტგოჭა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება მწვავე პერიოდში და სისხლდენისადმი მიდრეკილებით; წყლულოვანი ენტეროკოლიტები,ქრონიკული დიზენტერია,ჩირქოვანი ქოლეცისტიტები და ნეფროზები,ნეფროსკლეროზი,მწვავე ნეფროზონეფრიტი; დიაბეტის მძიმე ფორმები,ფოსფატერია; ენდოკარდიტები და მიოკარდიტების მწვავე,დაუმთავრებელი ფორმები; მკვეთრად გამოხატული ათეროსკლეროზი,ტვინისა და გვირგვინოვანი არტერიების ჩართვით; გულის დაავადებები II და III ხარისხის დეკომპენსაციით; ფილტვების ტუბერკულოზის აქტიური ფორმები,ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები,მძიმე ნერვოზები,ეპილეფსია,ბაზედოვის დაავადების მძიმე ფორმები.


ლიტერატურა : მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი_მ.ი. ნოდია "მკურნალობა კურორტ ბორჯომში"  (1961წ.)